ისტორია

კომპანიის შესახებ

სს “კორპორაცია ქინძმარაული”-ს მარანი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში ქ.ყვარელში.

ღვინის მარნის ისტორია იწყება 1533 წელს, როდესაც კახეთის მეფე ლევანმა ყვარლის ისტორიულ ციხის ტერიტორიაზე დააფუძნა ღვინის ტრადიციული მარანი. აღნიშნული მარანი მშვიდობიან პერიოდში აწარმოებდა ღვინის სამეფო ოჯახისათვის ხოლო, საომარ მდგომარეობაში, როდესაც ყვარლის ციხეს თავს აფარებდა მოსახლეობა, მაშინ მარანი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენდა მოსახლეობის სრულფასოვანი დაპურების საკითხში.

  აღნიშნულ მარანს რომელიც მაშინ “ყვარლის ციხე მარნის” სახელწოდებით იყო ცნობილი, არ შეუჩერებია მუშაობა საქართველოს რუსეთის სამეფოსთან მიერთების შემდგომაც და დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდშიც.

  1921 წელს საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის შემდგომ მარანმა შეწყვიტა მუშაობა,  1924 წლამდე.

  1924 წელს საბჭოთა საქართველოს მთავრობის განკარგულებით იგივე ტერიტორიაზე დაფუძნდა ყურძნის გადამამუშავებელი პუნქტი “წითელი მარანი”, რომელმაც 1950-იან წლებში შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა “ქინძმარაულის ღვინის ქარხანა”. აღნიშნული წარმოება მუშაობდა 1989 წლამდე. რის შემდგომაც შეიცვალა იურიდიული ფორმა და დაფუძნდა საიჯარო საწარმო “ვაზის ცრემლები”. ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე საიჯარო საწარმო “ვაზის ცრემლების” ბაზაზე, 1992 წლის დასაწყისში დაფუძნდა საქართველოში პირველი სააქციო საზოგადოება “ვაზის ცრემლები”, რომელმაც 1996 წელს შეიცვალა დასახელება და ეწოდა სააქციო საზოგადოება “კორპორაცია ქინძმარაული”.